понедельник, 2 марта 2009 г.




წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი (XIს.)
ხსენება 26 იანვარი (8 თებერვალი)

დავითი მეფობდა საქართველოში XI საუკუნეში . თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს საშინელი უბედურებისა. ჩვენს ქვეყანას შემოესია ოსმალები, ანუ თურქები. გადაწვეს ქალაქები და ბევრი ადამიანი დახოცეს. საქართველო თითქმის გავერანდა. პატარა ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ქუთაისიდან რაჭისკენ, როცა ოსმალები თავს დაესხნენ ამ ქალაქს და ცეცხლი წაუკიდეს.
დატანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა. დავითი სამაგალითოდ აღიზარდა. თექვსმეტი წლისა მეფედ აკურთხეს.იგი ყველას აოცებდა თავისი დევისებური ტანოვანობით, დიდი ჭკუით და საარაკო მხნეობით.
უპირველეს ყოვლისა, მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. დავითმა სნეულთათვის დიდ სოფლებში თავისი ხარჯით გამართა სახალხო სამკურნალოები – ლაზარეთები.
დავითი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი: აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა.
დავითმა მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავითმა საქართველო კიდევ უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხს შვილები მიჰყავდა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებას. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა,თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულ მაგალითს სწავლის სიყვარულისა: ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა წიგნებისა და კითხულობდა ყოველთვის, როცა კი სამეფო საქმეებისაგან მოიცლიდა. ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები საკითხავად.
როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიფა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი და ხარკი აღარ მისცა ოსმალებს. ესენი გაბრაზებულნი გამოეშურნენ საქართველოსკენ; მაგრამ დავითი მათ საზღვარზე მიეგება და საშინლად დაამარცხა. გაქცეულ მტერს უკან დაედევნა და სულ გაანადგურა. ათჯერ კიდევ სცადეს ოსმალებმა ბედი, მაგრამ ყველა ომი მთავრდებოდა მათი დამარცხებით და გაქცევით. მის სიმამაცეს საზღვარი არ ჰქონდა, თავგანწირულად იბრძოდა და არაერთხელ დაჭრილა გაცხარებულ ბრძოლაში.
დავითმა მთლიანად გაათავისუფლა საქართველო ოსმალებისაგან, მაგრამ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. ველური ოსმალები გარეკა სომხეთიდანაც და მათი მონობისაგან გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანისი, სადაც დანიშნა მთავარმართებლად ჩინებული ქართველი მოღვაწე. აგრეთვე განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. შავი ზღვიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე ოსმალების აღარსად იყვნენ და ყველა ხალხმა შვება იგრძნო. ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთა მეფედ და ნებაყოფლობით ყოველწლიურ ხარკს აძლევდნენ.
დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით; შესისხლხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან, მეტად უყვარდა ღვთის მსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხა.
დავითი დამარხულია დიდებულ გელათის მონასტერში, რომელიც თვითონვე ააგო ქალაქ ქუთაისის ახლოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий